მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

ხუთშაბათი, 2024-11-21
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » გოგონა დრაკონის ტატუთი
7:57 AM
გოგონა დრაკონის ტატუთი
დეტექტივები დიდად არ მიყვარს. არც სქელი წიგნები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთიცაა და მეორეც, მე მაინც ძალიან მომეწონა.

უცნაურად კარგი წიგნია. ცოტათი ჯადოქრული. მე ჯადოქრულს ისეთ წიგნებს ვეძახი ხოლმე, თავს რომ არ განებებენ, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ. ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” კი ძნელია, ამ კატეგორიას არ მიაკუთვნო. მის  გამო ორი კვირის განმავლობაში ავტობუსში ბილეთის აღება მავიწყდებოდა, ღამე_ დაძინება არ მინდოდა და დილით_ ლექციებზე მაგვიანდებოდა.

უნდა ვაღიარო, რომ ჯადოქრობის საიდუმლო წიგნის სიუჟეტში უფროა, ვიდრე მწერლის ენაში. სტიგ ლარსონი სადად წერს, სავსებით ჩვეულებრივად და მთავარ ფსონს აშკარად ამბავზე დებს.

სიუჟეტი ასეთია:

მიქაელ ბლუმკვისტი, ჟურნალისტი, რომელსაც სამხილების გაყალბებისთვის ციხე ემუქრება, უცნაურ შემოთავაზებას ღებულობს. მას მოხუცი ბიზნესმენი, ჰენრიკ ვანგერი ორმოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ავალებს. მიქაელმა უნდა გაარკვიოს, რა ბედი ეწია თექვსმეტი წლის ჰარიეტ ვანგერს, ჰენრიკის ძმის შვილიშვილს. სანაცვლოდ კი მას მოზრდილ თანხასა და  რეპუტაციის აღდგენას ჰპირდებიან. მიქაელი ჩადის კუნძულზე, საიდანაც გოგონა გაქრა და საქმის გამოძიებას იწყებს. ამის შემდეგ კი, მისთვისა და მკითხველისთვის მოულოდნელად, დავიწყებული და თითქოს დასრულებული ისტორია ისევ ცოცხლდება  და საიდუმლოს გამოაშკარავების პარალელურად, მკვლელიც აქტიურდება.

მწერალი კლასიკური დეტექტივის ერთ მთავარ წესს მიჰყვება. მკითხველს ეჭვმიტანილთა შეზღუდულ რაოდენობაში უწევს დამნაშავის ამოცნობა, მაგრამ პრინციპში,  ეს სულაც არ აადვილებს საქმეს. მე პირადად, მიქაელს ნამდვილად ვერ დავასწარი დამნაშავის ამოცნობა.

თავდაპირველად მეშინოდა, რომ 495 გვერდის განმავლობაში თუნდაც ყველაზე საინტერესო ამბის გამოძიების კითხვა ძალიან დამღლიდა, მაგრამ საბედნიეროდ, სტიგ ლარსონს ეს  არ გამორჩენია. მთავარი ხაზის პარალელურად სხვა მინი-სიუჟეტებიც ვითარდება.  მკითხველი მიქაელთან ერთად მხოლოდ ჰარიეტის ამბავს კი არა, უზარმაზარი შვედური კორპორაციის ფინანსური მაქინაციებსაც ააშკარავებს.

თუ არც ფინანსური დანაშაულები გაინტერესებთ და არც დაკარგულ გოგონაზე წუხხართ, წიგნი მაინც მოგეწონებათ ერთ-ერთი უჩვეულო გმირის, ლიზბეთ სალანდერის გამო. დიდი ხანია, ასეთ შთამბეჭდავ გოგონას წიგნის ფურცლებზე არ გადავყრივარ.  ლიზბეთი 24 წლის ჰაკერია, ბევრი ტატუთი და პირსინგით. ცოტა ასოციალური, ცოტა რთული და ძალიან ნიჭიერი. მისი ცხოვრება საინტერესოა, მისი პროფესიონალიზმი_ მომხიბვლელი. მოკლედ რომ ვთქვათ,  ლიზბეთი ძალიან ,,მაგარი” გოგოა; ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. თუმცა სალანდერი ასეთი გამბედაობის მიუხედავად, გმირი სულაც არაა.  სალანდერიც ჩვეულებრივი გოგოა და  მისი ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ,  პირველ რიგში, შურისძიებაა წარსულის ტრავმების გამო. ეს გოგონა გარეგნობის გარდა, სხვა რამის გამოც მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მიქაელისა და ლიზბეთის ძალიან უცნაური სასიყვარულო ურთიერთობა წიგნის ,,ჯადოქრობის” ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

არ ვიცი, კიდევ რა უნდა ეწეროს ,,ღირსეულ” რეცენზიაში, მაგრამ იმედია, მთავარ აზრს მიმიხვდით. თუ კარგი საკითხავის აღმოჩენა გინდათ, ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. თანაც, ეს წიგნი ტრილოგიის მხოლოდ დასაწყისია და თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, შემდეგი ნაწილებიც ასეთივე შთამბეჭდავია.

პ.ს. წიგნის კითხვა რომ დავასრულე და ,,მოჯადოებამაც” გაიარა, ჩემს თავს ერთი კითხვა დავუსვი: ახლა რა ვაკეთო? პასუხის პოვნა არ გამჭირვებია.  ზუსტად ვიცი, რასაც გავაკეთებ. დევიდ ფინჩერის ეკრანიზაციას დაველოდები.  თქვენც იმავეს გირჩევთ : ]

ნანახია: 892 | დაამატა: depressroyale | ტეგები: ტატუთი, დრაკონის, გოგონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: