სოფელში ვიყავი. სულ რამდენიმე დღით ჩავედი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან–ძალიან დიდი დრო გავიდა. ახსნას არ დავიწყებ. თქვენც გეცოდინებათ, რომ სოფელში დრო თავისებურად გადის. ზანტად. მთელი კაიფიც იმის გაცნობიერებაშია, რა ნელა ხდება ყველაფერი შენს თავს. რა ნელა გრილდები, რა ნელა კითხულობ, რა ნელა ისვენებ. ამ შენელებულ შეგრძნებებზე ბევრჯერ მიხალისია არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფხიზელზე გაცილებით უკეთესია. არავითარი ფეისბუქი, არავითარი ბლოგოსფერო, არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები: ჭიდან წყალი ამოღებულია? საბანაო რამსიმაღლეა? ჩემი ჟაკეტი აქ ხომ არაა? მოკლედ _ დაწვრილმანება, რომელიც მე უფრო ადამიანური რამე მგონია, ვიდრე მისი საპირისპირო მოვლენა: ყველაფერზე ,,მაღლა დადგომა”.
ასე თუ ისე, მთელი 2 დღე სრულიად მშვიდი და სრულიად დაწვრილმანებული ვიწექი ხის ქვეშ და ქინდლში ვკითხულობდი გოგი გვახარიას ,,ცრემლიან სათვალეს”. ჯერაც არ დამიმთავრებია, მაგრამ რაკი კითხვის პროცესში ემოციები უფრო ახალი და არც ისე მოზომილია, შეფასებას ახლავე დავწერ. მიუხედავად იმისა, რომ აღფრთოვანების დამალვა ლამის წესად მექცა უკვე (თუ რაიმეთი აღფრთოვანებული ხარ, მშვიდ და დაუწვრილმანებელ ადამიანებს შეფასებაში ,,არაკომპეტენტური” ჰგონიხარ), ამჯერად არ გამომივა, რადგან ,,ცრემლიანი სათვალე” მართლა ძალიან, ძალიან მომეწონა.
უნდა ნახოთ /წაიკითხოთ, როგორ ცვლის წიგნში უსაშველოდ სევდიანი და საინტერესო ამბები ერთმანეთს. არავითარი ,,ობიექტური რეალობა” არ არსებობს. ისტორიული მოვლენების შეფასება მხოლოდ იმის მიხედვით ხდება, თუ რა შეცვალეს მათ ადამიანთა ცხოვრებაში. ყველაფერი სუბიექტური და მშვენიერია და თან ფიქრების ისეთ ნაკადს იწვევს, რომ კითხვისას წამით არ მივუტოვებივარ სურვილს _ ჩამენიშნა ყველაფერი, რაც მახსენდებოდა. აი, ასე ცხოვრობდნენ ადამიანები ჩემს დაბადებამდე. ასე ცხოვრობდნენ დედაჩემი და მამაჩემი. მათი საარსებო სივრცე დასაზღვრული იყო იმ წერტილებით, რომლებიც ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს. საბჭოთა კინოთეატრები, ლაღიძის წყლები, რუსეთის პატარა და დიდი ქალაქები. მათი (ისევე, როგორც ავტორის) ახალგაზრობის ინტერესები ჩემსას თითქმის არსად კვეთს, მაგრამ სწორედ ამის გამო მივეჯაჭვე წიგნს. მეც, ავტორის მსგავსად, ის უფრო მაინტერესებს, რაც ჩემი არაა. მესამე დღეს კითხვა საშინელმა წვიმამ გამაწყვეტინა. დრო საოცრად აჩქარდა. მალევე მივხვდი, რომ ეს უბრალო წვიმა არ იყო. კახეთის იმ სოფელში, სადაც ვისვენებდი, მდინარე ადიდდა და ადამიანებს სახლებში შეუვარდა, ეზოები დაუტბორა, სიმშვიდე დააკარგვინა. პანიკა ატყდა. ვიღაცები ბარგს კრავდნენ, ვიღაცები გარბოდნენ, იხიზნებოდნენ. ცოტა უფრო გამბედავები მთელი ძალებით ებრძოდნენ სტიქიას. მე კიდევ იმის გაცნობიერებით ვიყავი დაკავებული, რა უსუსური გამხადა რამდენიმესაათიანმა წვიმამ მთაში. ამასობაში წყალი ჩვენს ღობეზე გადმოვიდა და ეზოს გადაუარა, მაგრამ სახლში არ შემოგვვარდნია. სულ ცოტა დააკლდა. როცა ყველაფერი დასრულდა, მომხდარი ლოგიკური მომეჩვენა. უსაშველო შეყოვნება რაღაც ამის მსგავსით უნდა დასრულებულიყო. რამით ხომ უნდა გადამეხადა გაწელილი და მოპარული საათების საფასური. მერე სოფელში გავედი და ადამიანებს დავაკვირდი. ოთახებიდან გამოდიოდნენ და ითვლიდნენ წიწილებს, ამოწმებდნენ მურაბის ქილებს, წვრილმანდებოდნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ასე თუ ისე რიგზე იყო, მერე მეზობლებიც მოიკითხეს. პოსტაპოკალიპტიკა.
პ.ს. დღეს თბილისში დავბრუნდი. აქ დრო სწრაფია და არაფრისმთქმელი, მაგრამ თავი გაცილებით მნიშვნელოვანი გგონია, ვიდრე სსადმე სხვაგან. როგორც ვატყობ, პოსტი ვიქენდივით გრძელი გამომივიდა. ამიტომ დროა დავასრულო, ყავა დავისხა და კითხვას დავუბრუნდე. უკეთესს მაინც ვერაფერს ვიზამ.
|