8:23 AM 3 დღე (პეპელა, სახელად კამპა) | |
***
ჯერ მე დავათვალიერე ყველაფერი, ბოლოს კი ჩემ მიერ შერჩეული ვარიანტები მასთან შევათანხმე. ზოგი ეგრევე დაიწუნა, ზოგიც _ განსჯის მერე. ბოლოს რაღაც უცნაური ბორჯღალი და პეპელაღა შემოგვრჩა. პრინციპში, საყოყმანო ბევრი არაფერი იყო (საყოყმანო _რა საშინელი სიტყვაა, არა? ). პეპელა ცალსახად სჯობდა, მაგრამ იმ იდეამ, რომ მეც მორიგი პეპელადახატული გოგო უნდა გავმხდარიყავი, ძალიან დამწყვიტა გული.
გადაწყდა. დავიხატე. ტატუირების პროცესი ძალიან მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი მაინც შემექმნა. ჩხვლეტები, წვა, დიდხანს წოლა, უხერხულობა. ის იქვე იჯდა და უყურებდა, როგორ ჩნდებოდა ჩემს სხეულზე ის, რისი დანახვაც ასე უნდოდა. სახეზე ეწერა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. მე კი საშუალოდ ბედნიერი ვიყავი, თუ ასეთი რამე საერთოდ არსებობს. მერე მე ჩვენს სახლში წავედი. ის_ საქმეებზე. *** მგონი, ამდენჯერ ჩემი ტრაკისთვის არასდროს შემიხედავს სარკეში. კისერი მეტკინა. ტატუ ხან ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, ხანაც საშინლად მახინჯი. ბოლოს გადავწყვიტე, ჩამეცვა. ბევრჯერ წამიკითხავს, თავში არსებულ ქაოსს მწერლები ერთმანეთში გადახლართულ ძაფებს რომ ადარებენ ხოლმე. მე კი მეჩვენება, რომ არეული აზრები ყველაზე მეტად ჩანთაში ჩაგდებულ ყურსასმენებს ჰგავს. ვერაფრით გაიგებ, როგორ ეხვევა სადენები ერთმანეთში შენი ჩარევის გარეშე. სანამ მოვიდოდა, აბაზანაში შევედი. წყალი შევისხი და თვალების გარშემო გაჩენილ მუქ რგოლებს დავაკვირდი. 3 არც ისე შესამჩნევი რგოლი იყო თითო თვალზე: უძილობა, სიგარეტი, ალკოჰოლი. მერე კიდევ მიკვირს, რომ ჩემთან სექსი აღარ უნდა_ გავიფიქრე გულდაწყვეტილმა და ტირილი მომინდა. გადავწყვიტე, სახლი დამელაგებინა, სანამ მოვიდოდა. დავიწყე კიდეც და შუა გზაში მივატოვე. რა აზრი აქვს, რა აზრი აქვს_ მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. მთელი ეს აბსურდი_ სახლის დალაგება, მაშინ, როცა იცი, რომ მეორე დღეს ისევ დასალაგებელი იქნება_ ყოველთვის თვითმკვლელობას მანდომებდა. მისი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, ოდნავ გამაჟრჟოლა. ძალიან ხალისიანად შემოვიდა. მომეხვია, მომეფერა. წვენი მოვიტანეო, მითხრა. მაცივარში შევდგი. ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურებდით. მერე მას მობეზრდა და გამორთო. ხელი მომკიდა და საწოლისკენ წამიყვანა. თვითონ მაისური გაიძრო და საწოლზე ჩამოჯდა. მე ფეხზე ვიდექი მხოლოდ ტრუსის ამარა.
გადმოტრიალება დავაპირე, მაგრამ ხელი ზურგზე დამადო და გამაჩერა. _ ასე იწექი _ მითხრა საკმაოდ ჩუმად, მაგრამ მე ყურები ლამის გამისკდა, ისეთი ხმამაღალი მეჩვენა ეს სიტყვები. და მე ვიწექი. და მე ველოდებოდი, რომ შემეხებოდა, ველოდი, რომ რამეს მეტყოდა, მომეფერებოდა. და მას არაფერი არ უქნია. შარვალიც კი არ გაუხდია. გადმოვბრუნდი და ისევ მის მზერას შევეჩეხე. მოწყენილი იყო.
ცოტა ხანს ვუყურე. არ განძრეულა. ამიტომ მე მომიწია მისთვის იმის თქმა, რაც უნდა გაეკეთებინა. ადგა, ჩაიცვა, წავიდა. მეც ავდექი, ჯერ უმიზნოდ დავდიოდი, მერე მაცივართან მივედი და წვენი გამოვიღე. კამპა. ალუბალი. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. მაგრამ არა სიხარულის. ესენი უფრო უბედურების პეპლები იყვნენ, იქამდე რომ ეხეთქებიან ნათურას, სანამ არ დაიხოცებიან. თავში ყველაფერი აირია: ჩვენი საერთო კომუნალური გადასახადები, სარეცხის თოკზე გაკიდული მისი სველი წინდები, მისი სუნი და ჩვენი არარსებული სექსი. ტატუს სრული მოშორება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გმირულად გავუძელი. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომ ტკივილი, რომელიც ამ პროცესს ახლდა, მომავალი დღეების ტკივილს შეამსუბუქებდა. ასე მითხრეს, კარგია, რომ მალევე მოხვედი, თორემ მერე უფრო გაგიჭირდებოდაო. შთამბეჭდავი დასასრულისთვის აქ იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩემმა პეპელამ, ისევე როგორც ყველა სხვა პეპელამ ამქვეყნად, მხოლოდ 3 დღე იცოცხლა. მაგრამ მგონი არ ღირს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |