მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

ხუთშაბათი, 2024-11-21
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.
8:15 AM
ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.
ამ დღეებში ჯოჯოხეთზე წარმოდგენა შემეცვალა: ჩემი აზრით, სისულელეა, ჯოჯოხეთი ცეცხლით და კვამლით სავსე ადგილი გეგონოს, მაშინ, როცა ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს  შენ მახლობლად, შენსავე სახლში _ სააბაზანოს რემონტის სახით.

ზოგადად, ყველა რემონტი საშინელებაა და ადამიანი არ მეგულება, რემონტის რომელიღაც პერიოდში რომ არ ეთქვას, რა ჯანდაბად წამოვიწყე ეს ყველაფერიო. მაგრამ სააბაზანოს (ე.წ. ვანა–ტუალეტის) რემონტი ყველა რემონტზე უარესია. მას აქვს  სპეციფიკური მინუსები, როგორიცაა : ბანაობის შეუძლებლობა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მუშების გრაფიკთან შეთანხმება  და ამავე დროს, ახლავს ზოგადსარემონტო დისკომფორტებიც: ხმაური, მტვერი, უცხო ადამიანები სახლში.

უცხო ადამიანებზე გამახსენდა, ერთი–ორი სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემს მთავარ მუშაზე, საშაზე.   მას, როგორც ყველა მუშას, მუშაობა დიდად არ მოსწონს. დასვენება ურჩევნია. მისი მაქსიმუმი სხვა მუშებისთვის ბრძანებების მიცემა და ჩემი წიგნების კარადაში ქექვაა. პრინციპში, მადასაც არ უჩივის. განსაკუთრებით ქათმის ხორცი უყვარს.

_  კაია ესა? _ მეუბნება და მაჩვენებს ,,ქაბულელ წიგნებით მოვაჭრეს”

_ ავღანელ ქალებზეა, _ ვპასუხობ გაოცებული. უყურე საშას, როგორი ჩართული ყოფილა ლიტერატურულ პროცესში.

_ ვაა, ცოდოები არიან ეგენი, ხო იცი? _ ამბობს და წიგნს ადგილზე დებს.

_ და ესა? _ ამჯერად ხელში ,,ოდისეა”  უჭირავს

_კი, კარგია _ ვპასუხობ ცივად

_ ავიღებ, რა, ჩემი გოგო და 2 კვირაში დავაბრუნებ. ეს რემონტი მაინც ვერ მორჩება მანამდე _ ამბობს და არც ისე ლამაზად მიღიმის.

აი, ასე ვიგებ, რომ თურმე 4დღიანი რემონტი შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა.

სანამ მუშები სახლში ძრწიან, მე კომპიუტერთან ვზივარ ან კალიებს ვხოცავ. პრინციპში, პარალელურადაც გამომდის.

გუშინ თუ გუშინწინ  ჩემი სიმშვიდე (პირობითი ნათქვამია)  საშას ხმამ დაარღვია. ბობოქრობდა. ვიფიქრე, რომ მოშივდა, მაგრამ თურმე არა. მამაჩემს და ჩემს ძმას ეჩხუბებოდა. ისინი კიდევ გაოფლილები იდგნენ შემოსასვლელში. ელიავადან მოვიდნენ.  კართან ცემენტის ტომრები ეყარა.

_ რა ჯანდაბა გიყიდიათ ესა? ამით რა უნდა ვქნა? კაი, ხელობა არ იცით თქვე ოჯახაშენებულებო და კითხვა? მე რა დაგიწერეთ აქა. აჰა, ნახეთ. ჰაიდელბერგი. თქვენ რა იყიდეთ?  ჰაი–ლედ–ბერგი. ჰაილედბერგი რა არი.  არ არსებობს ეგეთი სიტყვა! ქალაქის სახელია ისა. ეს კიდე არაფერი არაა.

სურათი აღებულია ფბ–ფეიჯიდან ,,არა ფალსიფიკაციას"

სურათი აღებულია http://katiee.ge/-დან

აქ მე მეორედ ვოცდები. უყურე საშას! როგორი გარკვეული ყოფილა გერმანულ ქალაქებში.

ელიავადან ახლად დაბრუნებულ ჩემს ძმას  რამდენიმე ასოს გამო უკან დაბრუნება ეზარება. ცოტა ხანი უმტკიცებს, ამითაც გამოვაო, მაგრამ საშა სასტიკია და შეუვალი.

_ სახელზე კი არაა, კაცო. ჩამოინგრევა და მერე ისევ მე უნდა მაკეთებინოთ _ამბობს  გაბრაზებული.

ვერაფრით ვხვდები, საშას ასეთივე პროტესტი აქვს ყველაფერი ყალბის მიმართ თუ უბრალოდ დღეს მუშაობა ეზარება.

მამაჩემი და ჩემი ძმა გადიან. მე ქათამს საყინულიდან ვიღებ. საშა ,,ოდისეას” უბრუნდება. ნეტავ მართლა კითხულობს თუ მარტო ჩემს დასანახად?  რას გაიგებ

პ.ს. ზუსტად ვიცი,  ამ ინციდენტის გამო რემონტის დასრულება სულ მცირე ერთი დღით გადაიწევს,  მაგრამ ის მაინც  მეცოდინება, რომ ჩამონგრევის და საშას ხელმეორედ ვიზიტის საფრთხე არ არსებობს. მადლობა ღმერთს..

ნანახია: 1286 | დაამატა: depressroyale | ტეგები: რემონტი, ჯოჯოხეთი, საშა. | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: